განათლების ადმინისტრირება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროგრამის მიზანია მოამზადოს ზოგადი ან უმაღლესი განათლების სექტორის პროფესიონალი, რომელიც:

  • კვლევის შედეგების საფუძველზე უზრუნველყოფს განათლების პროცესების მართვას და საგანმანათლებლო პროცესების ტრანსფორმაციას;
  • აღჭურვილია განათლების სექტორში ლიდერისთვის საჭირო კომპეტენციებით და მოქმედებს პროფესიული და აკადემიური ეთიკის პრინციპების დაცვით;
  • დამოუკიდებლად ავითარებს საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

 

მისანიჭებელი ხარისხი: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?

სპეციალიზაციის შესაძლებლობა
პროგრამა აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდეს ზოგადი ან უმაღლესი განათლების სპეციალისტად. პროგრამის სტრუქტურაში გათვალისწინებულია ძირითადი კურსების ბლოკი, რომელიც ორიენტირებულია განათლებაში მართვის და ლიდერობის, სწავლა-სწავლების, განათლების სექტორის ზოგადი კონტექსტის (მისი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პარამეტრები) საკითხებზე.

პრაქტიკული და კვლევითი გამოცდილება
პროგრამა მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკისა და კვლევის შესაძლებლობებზე. სტუდენტები იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მათ ეხმარება თეორიული ცოდნის გამოყენებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში.

მრავალფეროვანი კურიკულუმი
ძირითადი ბლოკის გავლის შემდეგ სტუდენტები არჩევითი კურსების მეშვეობით ცოდნას გაიღრმავებენ ზოგადი ან უმაღლესი განათლების მიმართულებით. არჩევითი კურსების ბლოკის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, აირჩიოს როგორც მოცემულ ბლოკში, ასევე პროგრამის სხვა ბლოკისა და სხვა სამაგისტრო პროგრამებში შეთავაზებული კურსები.

პორტფოლიოზე დაფუძნებული შეფასება
პროგრამის დასასრულს სტუდენტი წარმოადგენს შემაჯამებელ პორტფოლიოს, რომელიც ასახავს პროგრამის ფარგლებში განვითარებულ კომპეტენციებს. ეს მიდგომა უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების კომპლექსურ შეფასებას.


პროგრამის ხელმძღვანელი

ასოცირებული პროფესორი ელენე ჯიბლაძე elene.jibladze@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციულ პოზიციებზე
  • შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებში
  • სამთავრობო ორგანიზაციებში ადმინისტრაციულ პოზიციებზე

 

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სწავლა განაგრძონ სადოქტორო საფეხურზე.

აპლიკანტს, რომელსაც სურს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა:

  1. უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მან ასევე უნდა გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება პროგრამაზე შერჩევის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, აპლიკანტების რანჟირება ხდება შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ქულების მიხედვით.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენაში და ინტერვიუს აპლიკანტთან. ინტერვიუს წარმართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და კურსდამთავრებულები. ინტერვიუზე მოწმდებააპლიკანტის კომპეტენციები 5 საკვანძო კრიტერიუმის მიხედვით.

აპლიკანტის ინგლისური ენის კომპეტენცია (B1) შესაბამისი ტესტის საშუალებით ფასდება.

აპლიკანტთა შეფასების კრიტერიუმები შიდა საუნივერისტეტო გამოცდის ფარგლებში:

კრიტერიუმიმაქს. ქულა
1. განათლების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა25
კრიტერიუმი აფასებს, თუ რამდენად შეუძლია აპლიკანტს განათლების საკითხებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გააზრებულად გამოყენება. აგრეთვე, რამდენად იცნობს სფეროს ირგვლივ არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს. კრიტერიუმის ფარგლებში ფასდება, თუ რამდენად შეუძლია აპლიკანტს განათლების სფეროში კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი კრიტიკული გააზრება.
2. აკადემიური მიზნებისა და ინტერესების სიცხადე20
კრიტერიუმი აფასებს, თუ რამდენად აქვს აპლიკანტს გააზრებული საკუთარი არჩევანი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებასთან დაკავშირებით. აპლიკანტები შეფასდებიან იმის მიხედვით, რამდენად შეუძლიათ, დაინახონ საკუთარი როლი განათლების დღის წესრიგში და იპოვნონ ისეთი თემატური არეალები, რომლებშიც საკუთარი კონტრიბუციის შეტანას შეძლებენ.
3. აკადემიური ინტერესების პროგრამის სპეციფიკასთან თანხვედრა15
კრიტერიუმი აფასებს, თუ რამდენად იცნობს და თანხვედრაშია აპლიკანტის აკადემიური ინტერესები პროგრამის სპეციფიკასთან. კერძოდ, შეუძლია თუ არა პროგრამას აპლიკანტის აკადემიური/კვლევითი ინტერესების დაკმაყოფილება. აღნიშნული კრიტერიუმის ფარგლებში შეფასების წყაროა აპლიკანტის დასაბუთებული და მკაფიო მსჯელობა აკადემიური და კვლევითი ინტერესების შესახებ.
4. კომუნიკაციის უნარი10
კრიტერიუმი აფასებს, თუ რამდენად შეუძლია აპლიკანტს ცოდნის, არგუმენტების და საკუთარი მოსაზრებების თანმიმდევრულად, მკაფიოდ, ლოგიკურად და დამაჯერებლად ჩამოყალიბება.
5. დარგში მუშაობის გამოცდილება / დარგობრივ აქტივობებში მონაწილეობა10
1. კრიტერიუმი აფასებს, თუ რამდენად ცდილობს აპლიკანტი განათლების დარგობრივ ფორმალურ თუ არაფორმალურ აქტივობებში მონაწილეობას (კონფერენცია, ტრენინგი, ვორკშოპი და სხვ.) (5 ქულა);
2. კრიტერიუმის ფარგლებში შეფასდება ასევე აპლიკანტის განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება (5 ქულა).
შენიშვნა: აპლიკანტმა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზე რეგისტრაციისას, სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ავტობიოგრაფია (CV), სადაც დეტალურად იქნება აღწერილი მისი სამუშაო გამოცდილება ან/და დარგობრივ აქტივობებში ჩართულობა. მნიშვნელოვანია, ავტობიოგრაფიას თან ერთვოდეს შესაბამისი მტკიცებულებები (სერტიფიკატი, ცნობა სამუშაო ადგილიდან და სხვ.).
6. ინგლისური ენის ცოდნა20
ინგლისური ენის გამოცდის შემთხვევაში აპლიკანტებმა უნდა დაადასტურონ კომპეტენციის მინიმუმ B1 დონე.
ქულების მაქსიმალური რაოდენობა100
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი51

განათლების ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი. გარდა ამისა, პროგრამის დასასრულს სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემაჯამებელი პორტფოლიო, რომელშიც უნდა შედიოდეს პროგრამის ფარგლებში მის მიერ შექმნილი საუკეთესო ნაშრომები (მტკიცებულებები), რომლებიც ადასტურებენ პროგრამის სწავლის შედეგებით განსაზღვრულ კომპეტენციებს. შემაჯამებელი პორტფოლიოს კომპონენტში სტუდენტის შეფასების ფორმაა „ჩათვლა“. კურსდამთავრებულს პროგრამა დასრულებულად ჩაეთვლება შემაჯამებელი პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში.

კრედიტები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • სავალდებულო კურსების ბლოკი – 54 ECTS
  • პრაქტიკისა და კვლევის ბლოკი – 42 ECTS
  • სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი – 12 ECTS
  • არჩევითი კურსების ბლოკი – 12 ECTS

 

შენიშვნა: არჩევითი კურსების ბლოკის ფარგლებში (12 კრედიტი) სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, აირჩიოს როგორც მოცემულ ბლოკში, ასევე პროგრამის სხვა ბლოკისა და უნივერსიტეტის ფარგლებში, სხვა სამაგისტრო პროგრამებში შეთავაზებული კურსები.

რესურსები და კვლევა

  • საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ელექტრონული სამეცნიერო ბაზები, ტექსტური-, აუდიო-, ვიდეოსაცავები
  • უნივერსიტეტში არსებული საინფორმაციო კომპიუტერული ცენტრი
  • უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალი (moodle), პროგრამა “Turnitin” და არჩევანის გარემოს უზრუნველყოფის სპეციალური ელექტრონული სისტემა „არგუსი“
  • პარტნიორი დაწესებულებები